კორონავირუსი

ეზუგბაია: 1 პირი საშუალოზე მძიმედაა, 1 შედარებით მსუბუქად, 7-ს კლინიკური ნიშნები არ აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ ექვსი პირიდან, რომელთაც კორონავირუსი გუშინ, 5 მარტს დაუდასტურდა, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, ერთის კი შედარებით მსუბუქი.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 პირს კლინიკური ნიშნები გამოვლენილი არ აქვთ.დღეს დილიდან მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტირება გასაკეთებელი. 

"რაც შეეხება დაავადებულებს - 6 პაციენტისთვის, რომლებიც ბოლო პერიოდში დაემატნენ, ინფექციის წყარო ერთია, ეს არის იტალიის წყარო. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ გარკვეულწილად სიმშვიდეს გვინარჩუნებს, რადგან ეს არის შემოტანილი შემთხვევა და არა შიდა, ჩვენთან გავრცელებული შემთხვევა", - თქვა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტების ყოველდღიური მეთვალყურეობა, კვლევები და შეფასება გრძელდება. მისივე ინფორმაციით, დაავადების პროგრესირება და კლინიკური ნიშნების გამოვლენა ყველასთან არის მოსალოდნელი.

"თუმცა, პირველი სამ პაციენტთან, რომელიც უკვე ერთი კვირაა ჩვენთან წევს, სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ 4 პაციენტთან, რომელთაც კლინიკა არ აქვთ, დღეიდან დავიწყებთ მეთვალყურეობას. ვფიქრობ, რომ არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებთ, იმიტომ, რომ ამ პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს დილით კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ 5 პირს უნდა ჩაუტარდეს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა, კიდევ ერთი - მასთან კონტაქტში მყოფი პირი. მესამე პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს დადასტურდა - ის 44 წლის მამაკაცია, რომელმაც ჩამოფრენიდან სამ დღეში მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით. 

კომენტარები