არჩევნები 2020

ნაცვლიშვილი: უგულავას განცხადება გონივრულია, პროპორციული ევ.საქ-ებს აწყობთ, ენმ-ს - არა

პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პროპორციული ან არსებითად პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ევროპული საქართველოსთვის ხელსაყრელია, ნაციონალური მოძრაობისთვის კი არა.

ამიტომ, მისი თქმით, "ევროპული საქართველო ეცდება, ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე რამენაირად უფრო მეტი ქულა დააგროვოს".

ნაცვლიშვილმა გიგი უგულავას წერილი შეაფასა, რომელიც ოპოზიციის ლიდერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოაგზავნა და რომელშიც ნათქვამია, რომ უგულავას არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი "გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება".

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას განცხადება გონივრულია, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გავიდეს.

"ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იკრიბება ნაციონალური მოძრაობის გარშემო, თავის მთავარ მოთხოვნად აქცევს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, ქართულ ოცნებას ექნება საბაბი, მისივე შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვას, რადგან ეს გახდება წყალგამყოფი. ამიტომ მისი ეს განცხადება არის გონივრული, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გამოვიდეს. პოლიტიკური პატიმრების საკითხი პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგში დაყენება აწყობს ნაციონალურ მოძრაობას.

თუ ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და მეტი პროპორციულობისკენ არ წავალთ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ექნება საბაბი, არჩევნების შემდეგ თქვას, რომ რადგან არჩევნები იმ სისტემით არ ჩატარდა, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, ყველანაირი საბაბი ექნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ა

ამიტომ ეს არის აწონ-დაწონვის საკითხი. მესმის მისი [უგულავას] პოზიცია მისი პარტიიდან გამომდინარე. ეს შესაძლოა სწორი იყოს. ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, მაშინ მოლაპარაკების რესურსი აღარ იქნება“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია.

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ.

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები