კორონავირუსი

იმნაძე: პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიიდან ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იყო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მეოთხე პირი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, იტალიიდან ჩამოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო.  

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ბოლო შემთხვევას, ძალიან გაგვიადვილა სამუშაო. იმიტომ, რომ იყო თვითიზოლაციაში. თვითმფრინავის კონტაქტები უკვე დადგენილია. ჩამოვიდა თუ არა, იყო სახლში, თვითიზოლაციაში. მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის", - თქვა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კვირას დაბრუნდა, სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

"მეოთხე შემთხვევა კლინიკურად შედარებით საყურადღებოა. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები და მკურნალობა. გვაქვს 20 კონტაქტი მოძიებული, 15 თვითმფრინავის კონტაქტი. მიმდინარეობს მათი ეპიდკვლევა", - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სამ პირს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გამყრელიძის თქმით, მათი მდგომარეობა კლიიკურად დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.  

ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები