საარჩევნო სისტემა

ბოკერია: ივანიშვილს და მის გარემოცვას ჰგონიათ, თვითონ შეუძლიათ თქვან, ვინ უნდათ ოპოზიციად

ტაბულა

"შემოთავაზებული "ნაბიჯი" ე.წ ჩამკეტით და 110/40 პრინციპით, არ არის ის რასაც ივანიშვილის დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგლ," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. ბოკერია ამბობს, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის "ოცნების" ახალი შეთავაზება მისაღებია, მათი უფლებაა, თუმცა კრიტიკული მასა იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებსაც აქვთ საარჩევნო მხარდაჭერა, ამ წინადადებას არ დათანხმდება.

"არც ნორმალიზაციად არ ჩაითვლება ეგ, პოლიტიკური პატიმრების და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე, არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება და ხმასაც არ მივცემთ. თუ ვინმეს თვლის, რომ ეს ხმის მიცემად ღირს, ეს მათი არჩევანია და პატივს ვცემთ ყველა ჯგუფის არჩევანს," - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვა, თუ ოცნება შეთანხმდება რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხომ არ შეიფუთება ეს ისე, რომ თითქოს შეთანხმება შედგა, ბოკერია პასუხობს, რომ ოპოზიცია ვინ არის, ეს განისაზღვრება არჩევნებზე მიღებული ხმებით. 

"ივანიშვილს და თალაკვაძეს და ყველა მის გარემოცვას ჰგონიათ, რომ თვითონ შეუძლიათ თქვან ვინ უნდათ, რომ ოპოზიცია იყოს და ვინ არის მათთვის ოპოზიცია, მაგრამ ეს განისაზღვრება არჩევნების შედეგებით. თუ ვინმეს სჯერა, რომ იმ პოლიტიკური ძალების გვერდის ავლით, ვისაც აქვთ კრიტიკული მასის მხარდაჭერა, საპროტესტო ელექტორატის, რაღაცას გააკეთებს და მერე იტყვის, რომ ეს არის შეთანხმებაო, ჩემი აზრით, ცდება, ქართული საზოგადოება ამაში არ მოტყუვდება," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე განმარტავს, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ვინც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის, არის სრული თანხმობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. 

"ლეიბორისტებში მაგიდასთან ვინც ზის, მათ შორისაც ზოგს აქვს განსხვავებული მოსაზრება, რომ მაინც ღირს შემოთავაზების მიღება, თუმცა ყველამ თქვა, რომ ეს ვერ ჩაითვლება ნორმალიზაციად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და შემდგომი კომპრომისის გარეშე მთავრობისგან, პროპორციულობაზე. არის თანმხვედრი პოზიცია, რომ ვითარებაზე პასუხისმგებელია ივანიშვილი, რომ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება, როგორც პოლიტიკური ჭირის, არის ეროვნული კონსენსუსის საგანი, რომ პროპორციულობა არ არის ჯერჯერობით მიღწეული ამ შემოთავაზებებით, რომ პოლიტიკური დევნის საკითხის გადაწყვეტის გარეშე ვერ იქნება ნორმალური ატმოსფერო, ამაზე არის სრული თანხმობა," - ამბობს ბოკერია. 

უკვე ცნობილია, რომ ოცნების ახალ ვერსიას ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიები არ თანხმდებიან. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

გუშინ, 3 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის "მეორე ნაწილზე" საუბრობს და ამბობს, რომ მათთან შეთანხმების რესურსი არსებობს, თუმცა ვის გულისხმობს ამას არ აკონკრეტებს. თალაკვაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ენმ-სა და "მისი განაყოფის" გარდა, აფასებს ხელისუფლების შეთავზებებს და პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობს და ამ ერთობის მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს პრორპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული არჩევნები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ნაწილი, სავარაუდოდ სწორედ მათ გულისხმობს არჩილ თალაკვაძე, როცა შეთანხმებაზე საუბრობს. 

კომენტარები