კორონავირუსი

წერეთელი კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არის, შესაბამისი სამსახურები მზად უნდა იყვნენ

"ის, რომ ეს არის მკვლელი ვირუსი და აუცილებლად ძალიან მძიმე გართულებებს გამოიწვევს, ნამდვილად არ არის ასე," - ევროპული საქართველოს წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა, საჭიროა აქტიური მოქმედებები, რომ ქვეყნაში შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში იყვნენ. 

მისივე თქმით, საჭიროა თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

"ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური და ასევე საქართველოში არის ძალიან სერიოზული ლაბორატორიული ცენტრი, ლუგარი. უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სწორად ჩვენს მოსახლეობას, დაწყებული მარტივი პროცედურებიდან, დასრულებული როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის საშუალება, პირბადე იქნება თუ სხვა. უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებები, რაც ეხება მიმოსვლას, საზღვრების კონტროლს და ასე შემდეგ," - ამბობს წერეთელი.

მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებია, გახშირდა გამოჯანმრთელების შემთხვევები და გართულებები ახლავს მხოლოდ 20%-ს ისიც მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. თუმცა, წერეთლის თქმითვე, ნამდვილად არ შეიძლება მოდუნება, ასეთ შემთხვევებში უფრო სერიოზულზე უნდა იფიქრო და ასე დაგეგმო.

"არის თემები, რომლებსაც ხელისუფლებამ უკეთესად უნდა მიხედოს და უნდა მიეხედა წინა პერიოდში, დაგეგმვის თვალსაზრისით. როცა ზამთარი მოდის, ყოველთვის ხდება მსოფლიოში აფეთქება და არის გარკვეული ეპიდემიის საფრთხე და ამას გაცილებით უკეთესი მომზადება სჭირდება. მაგალითად, ამ შეშფოთების გამო პრაქტიკულად არის პირბადეების დეფიციტი, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა და ზოგიერთ რეგიონში ათჯერ გაიზარდა ფასი. ხელმისაწვდომი თუ არ იქნა ესენციური მედიკამენტები, სადეზინფექციო საშუალებები, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში უფასოა, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ პრევენციული ღონისძიებები კარგად ტარდება," - ამბობს წერეთელი.

გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას აუცილებელი ნივთების და საშუალებების დეფიციტი, ასევე სურსათის. ასევე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ცხელი ხაზი გახადოს უფასო, ამ პერიოდში მაინც, სანამ მოსახლეობის დიდი ინტერესია. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა, 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები