საარჩევნო სისტემა

ბოკერია მოლაპარაკებაზე: თუ ხელისუფლება უგუნურ პოზიციას შეიცვლის, გავიგებთ ამას საჯაროდაც

ტაბულა

"ოპოზიცია არის მოქნილი და უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს, არაფერი აღარ არის იქ ჩვენი მხრიდან გასავლელი," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას ექნება რამე სიახლე და შეიცვლის გადაწყვეტილებას საჯაროდაც გაიგებენ. 

"მათ უნდა თქვან ამ უგუნურ პოზიციას იცვლიან თუ არა. ჩვენ მზად ვართ იმ სცენარისთვის როცა არ იცვლიან ამ პოზიციას იჭერენ ხალხს, არის დღევანდელი სისტემა და ამ ცუდ ვითარებაშიც ისინი დამარცხდებიან და დამარცხდებიან ძალიან მწარედ," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია უარესი სცენარისათვისაც მზად არის, თუმცა ეს ქვეყნისთვის მეტი ზიანის მომტანი იქნება. მისივე თქმით, უნდა შედგეს გონივრული კომპრომისი საზოგადოების დაკვეთის მიხედვით.

"ჩვენ მზად ვართ იმ სცენარისთვის თუ ივანიშვილი არ მოეგება გონს, მაგრამ გვსურს ქვეყნის და ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ იყოს ნაკლებად საზიანო სცენარი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ოღონდ, ამაში არ შედის საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა და არც იმაზე დათანხმება, რომ პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივი რამეა," - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, არსებითად კომპრომისული და საზოგადოების ინტერესში შემავალი არის არჩევნების ისეთი მოდელი, სადაც რომელიმე პარტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება უმრავლესობის შექმნის შანსი, თუ აცდება 40%-ს, ციფრებში კი ეს 130/20 სისტემაა. ასევე შესაძლებელია იგივე შედეგის მიღწევა მრავალმანდატიანი ოლქებით, ან გერმანული მოდელით. 

"აქ ოცნებაზე არ არის საუბარი, ისინი ვერ მოიგებენ ვერცერთ არჩევნებს. ნებისმიერ პარტიაზეა ლაპარაკი და ეს არის დაპირება, რომელიც გაიცა საზოგადოების მიმართ,  ასეთი შედეგის მიღწევა შეიძლება მრავალნაირი მოდელით," - ამბობს ბოკერია.

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ბოლო, მეოთხე რაუნდზე, ხელისუფლებამ ოპონენტებს მანდატების 100/50 პრინციპით გადანაწილება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა.

დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებული შეხვედრები, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ ოპოზიციის ბოლო შეთავაზებაზე და კვლავ იმეორებენ, რომ 100/50 პრინციპი კომპრომისულია და მისაღები უნდა იყოს ოპონენტებისთვის.

თუ ხელისუფლება მათ ბოლო შეთავაზებას არ შეცვლის, ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც ემზადება და ამბობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს გადაინაწილებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საკვანძო ოლქებში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი ქართული ოცნების წინააღმდეგ.

კომენტარები