არჩევნები 2020

NDI: პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე უნდა შეძლონ

"იმისთვის, რომ საზოგადოებას არჩევნების მიმართ ნდობა ჰქონდეს, აუცილებელია, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით ფართო და დროული კონსენსუსი იქნას მიღწეული, ამასთან დაცული იყოს კანდიდატების და პატიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა", - ეს განცხადება NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის შეჯამების დროს განაცხადა.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს.

"საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა. როგორც ამ მნიშვნელოვან წელს ისე მომავალშიც, NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას", - თქვა მან.

დერეკ მიტჩელი საქართველოს 24-26 თებერვალს სტუმრობდა. ის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს,
პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქალ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო იყო.

1994 წლიდან დღემდე, NDI საქართველოში პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საკრებულოებთან, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას. NDI ყოველთვის ითვალისწინებს პარტნიორების საჭიროებებს. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან და არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ ძალას. საქართველოში NDI-ის მთავარი მიზანი გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა და არა არჩევნებში რომელიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა.

ასევე, NDI საქართველოში რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და აქტივისტებს მოქალაქეთა შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესახებ სანდო ინფორმაცია მიაწოდოს. NDI-ის გამოკითხვები და ფოკუს ჯგუფები მთავრობის წარმომადგენლებთან და პარტიებთან კონსულტაციის გზით ტარდება.

კომენტარები