საფრანგეთი-რუსეთი

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი Russia Today-ის წამყვანი გახდა

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ალენ ჟულე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის RT-ის [Russia Today] წამყვანი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ RT-ის საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ გაავრცელა. 

13-წუთიანი გადაცემა, სახელწოდებით La Source [წყარო], ფრანგულენოვანი RT-ის ეთერში თვეში ორჯერ გავა და მისი ძირითადი თემატიკა გეოპოლიტიკა იქნება. ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ გადაცემაში საუბარი იქნება დიპლომატიაზე, კონფლიქტებზე, ტერორიზმზე, უსაფრთხოებასა და კონკურენტულ დაზვერვებზე. 

"ყოველგვარი იდეოლოგიზირებული მოსაზრებების გარეშე, პრაქტიკული გეოპოლიტიკა მოქალაქეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ ობიექტური რეალობა", — განაცხადა ალენ ჟულემ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა RT-ის საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მასშტაბის ადამიანი რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რედაქციაში იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, მისი გადაცემები დაეხმარება მაყურებლებს, უკეთ დაინახონ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები", — განაცხადა ფიოდოროვამ. 

ალან ჟულე არაერთხელ გამოსულა პრო-კრემლისტური პოზიციებით. მაგალითად, წინა წელს ერთერთ ინტერვიუში სკრიპალების მოწამვლას ჟულემ ანგლოსაქსური მანიპულაცია უწოდა. წინა წლებში ჟულე აქტიურად აქებდა რუსეთის წარმატებებს სამხედრო სფეროში და ამბობდა, რომ რუსეთი არ არის დასავლეთის მოწინააღმდეგე და არ წარმოადგენს საფრთხეს. 

ჟულემ, ასევე, გაამართლა რუსეთის ჩარევა სირიაში მიმდინარე კონფლიქტში. ალენ ჟულე საფრანგეთის საგარეო დაზვერვას 2002 წელს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი საფრანგეთში ბრიტანული ბრენდის Mark&Spencer-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

კომენტარები