საფრანგეთის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ქვეყნის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები არიან, მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობა აღიარა. ინფორმაციას საფრანგეთის პროკურატურა ადასტურებს.
გამოცემა La Provence-ის ცნობით, დაკავებულები არიან ინჟინერი და ქიმიკოსი, რომლებმაც ბრალი აღიარეს და აღნიშნეს, რომ მათი მიზანი უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი წლისთავზე, 24 თებერვალს, მეცნიერებმა რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აზოტის და სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარევით სითხით სავსე სამი ბოთლი ისროლეს, რომელთაგანაც ორი აფეთქდა.
პოლიციამ დაკავებულები საკონსულოში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დახმარებით გამოავლინა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის, არც საკონსულოს თანამშრომლები ან თავად რუსეთის კონსული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეფასებით, მომხდარს "ტერაქტის ყველა ნიშანი აქვს" და საფრანგეთისგან ინციდენტის გამოძიების მიზნით "ამომწურავი და რაც შეიძლება სწრაფი ზომების" მიღებას ითხოვს.





