საფრანგეთში, ქალაქ მარსელში რუსეთის ფედერაციის საკონსულოსთან აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. როგორც მედია BFM TV სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავა.
გამოცემის წყაროების თანახმად, პოლიციამ ისინი საკონსულოში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დახმარებით გამოავლინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარს "ტერაქტის ყველა ნიშანი აქვს" და საფრანგეთისგან ინციდენტის გამოძიების მიზნით "ამომწურავი და რაც შეიძლება სწრაფი ზომების" მიღებას ითხოვს.
მარსელში რუსეთის საკონსულოსთან აფეთქება გუშინ, 24 თებერვალს მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საკონსულოს შენობის კედელს უცნობმა პირმა პლასტმასის ბოთლები ესროლა, რომელთაგან ერთ-ერთი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის, არც საკონსულოს თანამშრომლები ან თავად რუსეთის კონსული.
კრემლი მომხდარს გამოეხმაურა:
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მარსელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ "აუცილებელია" გამკაცრდეს "უსაფრთხოების ყოველი ზომა" რუსეთის საკონსულოებთან.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთში საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა:
"გამოძიების ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც საერთაშორისო დაცვის ქვეს მყოფ პირებზე ან დაწესებულებებზე თავდასხმას შეეხება. გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელები საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით მოქმედებდნენ. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მზადდება საერთაშორისო მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების გაწევაზე. ამ ეტაპზე დგინდება მომხდარის ყველა გარემოება" - ამბობს სვეტლანა ლვოვნა პეტრენკო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მედიასთან ურთიერთობის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
განახლება: რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ცნობით, რუსეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საკონსულოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები 48 და 59 წლის საფრანგეთის მოქალაქეები არიან.





