საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, რუსეთის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საკონსულოს შენობის კედელს უცნობმა პირმა პლასტმასის ბოთლები ესროლა, რომელთაგან ერთ-ერთი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის, არც საკონსულოს თანამშრომლები ან თავად რუსეთის კონსული.
არსებული ცნობებით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საფრანგეთის შესაბამის უწყებებს ჯერჯერობით ეჭვმიტანილის ან მისი მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
კრემლი მომხდარს გამოეხმაურა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მარსელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ "აუცილებელია" გამკაცრდეს "უსაფრთხოების ყოველი ზომა" რუსეთის საკონსულოებთან.
"დიპლომატიური სააგენტოები ყოველ აუცილებელ ზომას იღებენ, რათა მასპინძელმა ქვეყანამ ყურადღება მიაქციოს უსაფრთხოების ყოველი ზომის გამკაცრების აუცილებლობას".
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ზიანი გამოიწვია აფეთქებამ.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარი "ტერორისტული თავდასხმის" ნიშნებს შეიცავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, "ჩვენ [საფრანგეთისგან] მოვითხოვთ სწრაფი და ყოვლისმომცველი ზომების მიღებას როგორც გამოძიებაში, ისე რუსეთის საგარეო მისიების უსაფრთხოების დაცვის გამკაცრებისკენ გადადგმულ ნაბიჯებში".





