ლიბია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ლიბიის კონფლიქტს ორი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ლიბიაში ორი თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მათთან ერთად თავისუფალი სირიის ეროვნული არმია იბრძოდა - თურქეთის მხარდაჭერილი ამბოხებულები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში დამასკოს მომხრე ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.

გასულ თვეს ბერლინის სამიტის შემდეგ მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში დაპირისპირება უნდა შეჩერებულიყო. მას შემდეგ, ანკარა ჰაფთარს ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში ბრალს სდებს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას გაგრძელდა და ლიბიაში გაეროს წარმომადგენლის თქმით, სწორი მიმართულებით მიდიოდა. ამის საწინააღმდეგოდ, ჰაფთარის კონტროლის ქვეშ მყოფი დეპუტატები ამბობენ, რომ ლიბიის გარდამავალ მთავრობასთან მოლაპარაკებებზე არ წავიდოდნენ.

თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს, თუმცა პუტინი უარყოფს, რომ ქვეყანაში რუსი დაქირავებული სამხედროები იმყოფებიან. ერდოღანი კი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება.

გასულ თვეს თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალები გააგზავნა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქი ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

კომენტარები