აშშ-ავღანეთი

პომპეო: თალიბანთან შეთანხმებაზე ხელის მოწერა შესაძლოა 29 თებერვალს მოხდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თალიბანთან შეთანხმების მიღწევა ნაწილობრივ მოხერხდა და 22 თებერვალს ერთკვირიანი გამოსაცდელი პერიოდი დაიწყება, როდესაც ავღანეთში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები თალიბანის, ავღანეთის სახელმწიფოს ან საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ არ უნდა მოხდეს. თუ განსაზღვრულ პერიოდში მსგავსი მდგომარეობა შენარჩუნდება, 29 თებერვალს აშშ და თალიბანი შეთანხმებას მოაწერენ ხელს:

"ჩვენ მივაღწიეთ თანხმობას თალიბანთან ავღანეთში ძალადობის მნიშვნელოვნად შემცირების თაობაზე. ამ თანხმობის წარმატებული იმპლემენტაციის შემთხვევაში, აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერა წინ წაიწევს და ვემზადებით იმისათვის, რომ ხელის მოწერა 29 თებერვალს მოხდეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე." ვკითხულობთ პომპეოს განცხადებაში.

თალიბანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეთანხმების ხელმოსაწერად შესაფერის უსაფრთხო სიტუაციას შექმნიდნენ და ეს იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს და უცხოურმა ძალებმა ავღანეთი დატოვონ.

14 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს და ეს ცნობილი თებერვლის ბოლოს გახდებოდა.

ძალადობის 7-დღიან შემცირებას აღიქმება როგორც ტესტი იმისა, შეუძლიათ თუ არა თალიბანის ლიდერებს საკუთარი მებრძოლების გაკონტროლება.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალადობის მნიშვნელოვნად შემცირებას შევძლებთ არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურადაც. თუ ამას შევძლებთ და ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, შეგვეძლება დავიწყოთ ნამდვილი დისკუსია, რომელშიც ყველა ავღანური მხარე მიიღებს მონაწილეობას." თქვა პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან ზალმაი ხალილზადთან კატარში აწარმოებს მოლაპარაკებებს და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობს, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად თალიბანის მხრიდან, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებს, თავდასხმები არ წყდება.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

მაშინდელი შეთანხმების თანახმადა, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

ნოემბერში ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ კი თალიბანის სპიკერმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა თქვა, რომ მზად იყვნენ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

კომენტარები