აშშ-ავღანეთი

აშშ-ის მედია: სირიის შემდეგ ტრამპი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას განიხილავს

დონალდ ტრამპი
Bloomberg

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას გეგმავს.

ოფიციალური პირები, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ში ავღანეთში განთავსებული ძალების ნახევარი, დაახლოებით 7,000-მდე ჯარისკაცი დაბრუნდება.

გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკურ პარტიაში. სენატორი ლინდსი გრემის თქმით ავღანეთიდან გამოსვლა გზას გაუკაფავს 11 სექტემბრის ტერაქტის გამეორებას.

"ავღანეთში არსებული მდგომარეობა ამერიკული ჯარების გამოყვანას მაღალი რისკის შემცველ სტრატეგიად აქცევს. თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, დავკარგავთ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ და გზას გავუკაფავთ 11 სექტემბრის ტერაქტის განმეორებას." წერს გრემი საკუთარ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.

თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ხშირად საუბრობდა ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოყვანაზე, თუმცა პოსტის დაკავების შემდეგ მან ავღანეთში კიდევ 3,000 ჯარისკაცი გაგზავნა.

აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არიან. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია. ამერიკის სპეციალურმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს მოკლეს. 2014 წელს ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად დასრულდა და მას შემდეგ ისინი მთავრობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში უჭერენ მხარს. ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური ინსპეტქორის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით ავღანეთის მთავრობა ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 55.5%-ს აკონტროლებს, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კომენტარები