უკრაინა

უკრაინაში მომიტინგეები თავს დაესხნენ ჩინეთიდან ევაკუირებულთა ავტობუსებს

Reuters

უკრაინის პოლტავას რეგიონში, ნოვიე-სანჟარის გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინელები ჩაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში მოთავსებული.

45 უკრაინელი და 27 უცხოელი ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩაიყვანეს.

მათი ჩასვლა გააპროტესტა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა. ათობით ადამიანი ავტობუსებს, რომლებსაც ჩინეთიდან ჩამოსული პირები გადაჰყავდა, თავს დაესხა. გზის გასაწმენდად პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

მომხდარი დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ და მომიტინგეებს ემპათიის გამოჩენისაკენ მოუწოდა. ევაკუირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად კარანტინში მათთან ერთად უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ზორიანა სკალეტსკა დარჩება. ის სამინისტროს სკაიპით უხელმძღვანელებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით გავრცელდა ყალბი ელექტრონული წერილი, რომელშიც თითქოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ევაკუირებულთაგან რამდენიმე ახალი კორონავირუსით არის დაავადებული.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით ევაკუირებულთაგან არც ერთი არ არის ავად და არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები. უკრაინაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

უკრაინის დიპლომატიური მისიის მიხედვით ჩინეთში დარჩნენ 3 უკრაინელი და ყაზახეთის 1 მოქალაქე, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

ჩინეთში ამ დროისათვის გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 75,685 შემთხვევა. ვირუსს ჩინეთში 2,236 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით დაავადების 1,076 შემთხვევა არის დადასტურებული 26 ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ავსტრალიაში, ირანში, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ირანში, 1 საფრანგეთში, 1 იაპონიაში, 1 ფილიპინებში, 1 სამხრეთ კორეაში.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. ასევე ქვეყებმა ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები