ახლო აღმოსავლეთი

ლიბიაში რუსი სამხედრო მოკლეს - ეს პირველი შემთხვევაა

ლიბიაში, რუსი სამხედრო მოსამსახურე გლებ მოსტოვოი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ლიბიაში რუსი სამხედროს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. 

ორენბურგის ოლქის გუბერნატორის მოადგილის ცნობით, მოკლული მოსტოვოი დაქირავებული მებრძოლი არ ყოფილა და იგი რუსეთის არმიის საკადრო ოფიცერი იყო. სწორედ, ორენბურგის რაიონიდან იყო, მოკლული მოსტოვოი, იქვე გაიმართა მისი სამოქალაქო პანაშვიდი, რომელზეც სამართალდამცავებმა ჟურნალისტები არ დაუშვეს. 

პირველად, მოსტოვოის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ "ორენბურგგრადმა" გაავრცელა. გაზეთთან საუბარში მოკლულის ნათესავები ამბობდნენ, რომ მოსტოვოი ლიბიაში, დაახლოებით ერთი წლის წინ გაემგზავრა და ლიბიაში საიდუმლო სამხედრო დავალებას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, მოსტოვოი სნაიპერი იყო. მოგვიანებით ნათესავებმა მედიასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეს.

საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. რუსეთის ხელისუფლება ლიბიაში რუსი სამხედროების ყოფნის ფაქტს უარყოფს. იანვარში ლიბიის საკითხზე გამართული პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლიბიაში რუსეთის არმიის ოფიცრები არ იმყოფებიან. 

მანამდე რუსი დაქირავებული მებრძოლების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" 2 ათასამდე მებრძოლია დისლოცირებული. პუტინმა თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ კი ლიბიაში რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და არ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან.

ვლადიმერ პუტინს რუსეთის საზღვრებს გარეთ სამხედროების გაგზავნა ერთპიროვნულად შეუძლია. 2015 წელს სირიაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნამდე რუსეთის პრეზიდენტმა ფედერაციის საბჭოს ფორმალური თანხმობა სთხოვა, თუმცა არ გაკეთებულა არანაირი დათქმა, რომ ეს მხოლოდ სირიაში მოხდებოდა. 

ბოლო თვეებში, ლიბიაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე წელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ამჟამად ლიბიაში პრაქტიკული ორხელისუფლებიანობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლის ფაიზ სარაჯის მეთაურობით ე.წ. ნაციონალური ერთობის მთავრობა აკონტროლებს. 

ქვეყნის დანარჩენ ყველა დიდ ქალაქს და დასახლებას კი ფელდმარშალ ხალიფა ხაფტარის მეთაურობით ნაციონალური არმია აკონტროლებს. სარაჯის მთავრობას მხარს თურქეთი უჭერს, მეტიც წინა თვეში სარაჯის მხარდასაჭერად თურქეთმა ლიბიაში 4 ათასმდე სახმედრო გაგზავნა. 

ფელდმარშალ ხაფტარს კი მხარს რუსეთი და რეგიონის რამდენიმე სახელმწიფო უმაგრებს. არსებული ინფორმაციით, ვაგნერის მებრძოლების ლიბიაში სწორედ ხაფტარის არმიის დასახმარებლად ჩავიდნენ. 

იანვარში საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა შედგა და ფორმალურად ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა საომარი მოქმედებები ქვეყანაში არცერთი დღით არ შემწყდარა.

კომენტარები