ახლო აღმოსავლეთი

ერაყში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ კირქუკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სამედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. როგორც ცნობილია აღნიშნულ ბაზას ამერიკელ სამხედროები იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News Arabia ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. Al Arabiya-ს ინფორმაციით, ბაზის შემოგარენის დათვალიერებისას აღმოჩენილია დანადგარი, რომლიდანაც განხორციელდა შეტევა.

გასული წლის 27 დეკემბერს სწორედ, კირქუკის ბაზაზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორი, რაც მოგვიანებით ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული ბაზის მიმართულებით შეტევები არ განხორციელებულა.

გენერალ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ 8 იანვარს ირანმა სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განახორციელა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ შეტევა ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ განახორციელეს. 

შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა მსუბუქად დაშავდა ასზე მეტი ამერიკელი სამხედრო. მათი აბსოლიტური უმრავლესობა სამხედრო სამსახურს რამდენიმე დღეში დაუბრუნდა.

კომენტარები