გიგი უგულავას საქმე

ბოკერია უგულავას საქმის შემსწავლელ მისიაზე: მივესალმებით ნებისმიერ ევროპულ მისიას

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული შემსწავლელი მისიის შექმნას მიესალმება.

ამისდა მიუხედავად, ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების მიერ შემსწავლელი მისიის მოწვევა მოკლევადიანი PR-სვლაა, რომელიც დროის მოგებას ისახავს მიზნად.

"ზოგადად, ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის, ევროპული საქართველოსთვის ნებისმიერი მაღალი რეპუტაციის და ავტორიტეტის მონიტორინგის მისია პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მისაღები კი არა, საჭიროა, სამწუხაროდ, შექმნილი რეალობის გამო, რომ განსაკუთრებული მონიტორინგი იყოს ასეთ საქმეებზე," - ამბობს ბოკერია, - "უბრალოდ, აქ სხვა რამეშია საქმე - ყველასთვის ნათელია, რომ ამჯერად ამ ინიციატივით გამოსვლა მხოლოდ პიარ-სვლა არის ივანიშვილის გუნდის მხრიდან. ისეთი გაჭედილები და ისეთი წნეხის ქვეშ არიან, რაღაც ხომ უნდა თქვან და ეს რაღაცის თქმაა, რომ კი ბატონო, მოდით, მონიტორინგი იყოს."

ამდენად, ბოკერიას მიაჩნია, რომ ქართული ოცნებისთვის ინიციატივის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგებაა:

"სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, ნებისმიერი მონიტორინგი, რომელიც რაღაც თვალსაზრისით შემაკავებელი ფაქტორია, კარგია, ოღონდ ინიციატივა ამითი კი არაა ნაკარნახევი, ინიციატივა ნაკარნახევია მოკლევადიანი პიარით, როცა გაჭედილი ხარ და რაღაც უნდა თქვა."

მისი თქმით, ევროპარლამენტარების შეფასებები უკვე მოწმობს იმას, რომ "ვითარება დღეს მონიტორინგის გარეშეც ნათელია ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის და პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისთვის".

"ნებისმიერი სერიოზული მისია რომ რაღაცას სწავლობს, ერთ დღიანი არ არის. თორემ დასკვნები უკვე ყველამ გააკეთა, შეგვიძლია, ვნახოთ ყველა შეფასება."

ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა ქართულმა ოცნებამ შესთავაზა, რის შესახებაც გუშინ, 12 თებერვალს განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მრავალპარტიული შემსწავლელი მისიის შექმნას მხარი უკვე დაუჭირა ევროპელი სოციალისტების პარტიამ.

 

კომენტარები