არჩევნები 2020

კობახიძე: 100/50-ზე მაჟორიტარები საკუთარ თავს დაინახავენ, 125/25-ში ვერაფრით ვერ დაინახავენ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხელისუფლების შეთავაზებული საარჩევნო მოდელი - 100/50-ზე "ოპტიმალურია" და ის პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თავის მაჟორიტარებთან მოახერხა ისეთ მოდელზე შეჯერება, რომლის პარლამენტში გატანაც შეიძლება. კობახიძემ გადაცემა "კვირის თემაში" განაცხადა, რომ მაჟორიტარების რაოდენობის უფრო მეტად შემცირება მაჟორიტარული სისტემის "არსს კარგავს". ის დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება, მაგალითად, 125/25-ზე, ისევ კანონპროექტის ჩავარდნას გამოიწვევს, რადგან ამას "სერიოზული, პრინციპული წინააღმდეგობა" მოჰყვება.

"თავის თავს მაჟორიტარი ახალ მოდელში [მაგალითად, 125/25-ზე] ვერ დაინახავს. 100/50-ზე არის ის უკიდურესი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ამ მოდელის გატანის საშუალებას" - ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო პროექტის კიდევ ერთი ჩავარდნა მძიმე დარტყმა იქნება.

"მაჟორიტარებმა უკვე მიიღეს ერთი გადაწყვეტილება, 40-მა მაჟორიტარმა თქვა, რომ მიუღებელი იყო მათთვის პროპორციული სისტემა. ახლა იგივე მაჟორიტარებს ვეუბნებით ჩვენ, რომ მათი სამაჟორიტაროები უქმდება, ოღონდ სხვა ფორმით... პრინციპული განსხვავებაა - 50 ოლქში საკუთარ თავებს მაჟორიტარები დაინახავენ, 25-ში ვერაფრით ვერ დაინახავენ საკუთარ თავს. ამიტომ, ისე რომ მოხდეს, ხუთი კაცი მაგიდასთან შევთანხმდეთ რაღაცაზე და მეორედ ჩაგვივარდეს კანონპროექტი, ეს იქნება, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა და ამაზე ვერ წავალთ, ამიტომ ვთავაზობთ ოპოზიციას ისეთ მოდელს, რომელიც გატანადი იქნება და არ ჩაგვივარდება წინააღმდეგობის გამო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა კვირის თემაში

-------------------------

თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, დასავლელი პარტნიორების ინიციატივითა და მონაწილეობით, კრიზისის ფონზე დაიწყო, რაც, თავის მხრივ, პროპორციულ სისტემაზე დაპირებული კანონის ჩაგდებას მოჰყვა. ამ დრომდე მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ანუ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულით აირჩიონ.

მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა სურს როგორც 2020 წლის, ისე ყველა მომდევნო არჩევნებზეც. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს დაიხურება.

კომენტარები