კორონავირუსი

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მივყვებით რეკომენდაციებს

news.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუშინ ყაზბეგიდან გადმოყვანილ ორ ბავშვს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან, აქვთ A ტიპის ვირუსი, H1N1. მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ არც სწრაფი ტესტის და არც შემდგომი გადამოწმების შედეგად.

გარდა ამისა, ინფექციურ საავადყოფოში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე. ამირან გამყრელიძის თქმით, ორივე შემოვიდა ჩინეთიდან და ერთმა კლინიკას თავისით მიმართა, მეორე კი აეროპორტიდან მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არც ერთ მათგანს სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდგინდა. გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი დეტალურად შეამოწმეს კიდევ ერთხელ და შედეგები კვლავ აღმოჩნდა ნეგატიური.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე 22 ვირუსზე შემოწმება ხდება, მათ შორის 5 არის კორონავირუსის ტიპის. ინფექციურში გადაყვანილ მოქალაქეებს არც ერთი ეს ვირუსი არ დაუდგინდათ. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რადგან საქართველოში ამ დროისთვის არ არის კორონავირუსის სუბ-ტიპი, რომელიც არის ჩინეთში, ანალიზები გადასამოწმებლად გადაიგზავნა როტერდამში.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც და განმარტა, რომ საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა.

"​ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც იყო მხოლოდ ჩინეთისთვის 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის", - თქვა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ან ხვალ ელოდებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს, მანამდე კი, საქართველო ასრულებს არსებულ ზოგად რეკომენდაციებს.

"ჩვენ ალბათ დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს ევროპის ქვეყნებისთვის, ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და იქნება ევროპის 53 ქვეყნისთვის, რომლებსაც შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებს, რაც დღეს გახლავთ, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიყვება და აკეთებს ყველაფერს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაზეც და აღნიშნა, რომ ეყრდნობა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, რომელსაც შემდგომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფილტრავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისთვის კორონავირუსის 9692 დადასტურებული შემთხვევაა და​ ​მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. გარდაცვლილია 213 ადამიანია, დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი.

გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, გერმანიაში, აშშ-ში, იაპონიასა და ვიეტნამში დაფიქსირდა 8 შემთხვევა, როცა ჩინეთში არანამყოფ ადამიანს კორონავირუსი გადაედო ჩინეთში ნამყოფი ადამიანისგან.

გუშინ, 30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

კომენტარები