სექსუალური შევიწროება

ომბუდსმენი: შსს-მ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი არასათანადოდ შეისწავლა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის არასათანადოდ შესწავლის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის ცნობით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა განცხადება, რომელშიც ესპანეთის მოქალაქე მეფე ერეკლეს აბანოში მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

"აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სერვისის განმახორციელებელმა კაცმა (მექისემ) მხოლოდ ქალებს მოსთხოვა სრულად გაშიშვლება და ცდილობდა, მათ მკერდს შეხებოდა. განმცხადებლის მითითებით, გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც არ მოახდინა სათანადო რეაგირება" - წერია ომბუდსმენის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა სამჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სათანადოდ შეესწავლა შესაძლო სექსუალური სავარაუდო შევიწროების შემთხვევა.

"თუმცა, სამინისტრომ ვერ გამოკვეთა სექსუალური შევიწროების ფაქტი, რაც განმარტა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებელმა, გამოკითხვის დროს, სექსუალური შევიწროების ფაქტები უარყო. თუმცა, საპირისპიროზე მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ განმცხადებლის, მოპასუხე მხარის და მესამე პირების მიერ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც სახალხო დამცველმა სამინისტროს ეფექტიანი რეაგირებისკენ არაერთხელ მოუწოდა" - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება - ეფექტიანად შეესწავლა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევა.

აქედან გამომდინარე, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, განმეორებით, სრულყოფილად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტი.

"ასევე, შეისწავლოს შსს-ს ამ საქმის განხილვაში მონაწილე თანამშრომლების შესაძლო გადაცდომები, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე რეაგირება, უზრუნველყოს/განაგრძოს ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანია, მათ შორის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება" - აცხადებს სახალხო დამცველი და მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

კომენტარები