კონგრესმენების წერილები

თალაკვაძე: ჩავალთ ვაშინგტონში და კონგრესმენებს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდენთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ სამთავრობო დელეგაცია უახლოეს მომავალში ვაშინგონში ჩავა და კრიტიკულად განწყობილ საერთაშორისო პარტნიორებს "ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის".

"რაც შეეხება ჩვენი კოლეგების, კონგრესმენების განცხადებებს, ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრებები. მათ აქვთ კითხვები, ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და ამ კითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდენთ.

შეხვედრების ფარგლებში ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს, სამომავლო ხედვებს და ასევე არგუმენტაციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ისინი აყენებენ, გადავცემთ ჩვენს მეგობრებს," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან "დადებითი შეფასებები აქვს":

"საქართველოს და ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოს, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს და ასევე აშშ-ის მთავრობის მხრიდან აქვს დადებითი შეფასებები."

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კიდევ ერთი კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი თავის წერილში ასევე მიუთითებს, რომ "საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია ფრონტერაა".

29 იანვარს კი კიდევ ერთმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები