არჩევნები 2020

თალაკვაძე: ოპოზიციას არ სურს არც პროპორციული სისტემა, არც პასუხისმგებლობის გადანაწილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციას არათუ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი, არამედ მათ მიერ მოთხოვნილი პროპორციული სისტემაც არ სურს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა დესტაბილიზაციის გზის მოძებნა, რათა "საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე" სცადონ და მოიპოვონ ძალაუფლება, - "ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული წინადადების შემგდომ, ოპოზიციის "დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებამ" ქართული ოცნება დაარწმუნა იმაში, რომ ოპოზიცია თანამშრომლობისთვის მზად არაა.

"დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან გრძელდება, ჩვენ გავაკეთეთ კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე. გუნდის პოზიცია არის და მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ესაა მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხებების გარეშე.

მოგეხსენებათ 2 წლის წინ, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო ჩაწერილი კონსტიტუციაში. ჩვენ ველოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული ტიპის პოლიტიკის, ევროპული კულტურის შემოტანა და თანამშრომლობა. სამწუხაროდ, პირველივე მომენტში, როდესაც ეს იყო ინიცირებული ოპოზიციამ გამოუცხადა პროპორციული არჩევნების ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტი. ჩვენ მაინც მივიღეთ ეს ცვლილება.

ამის შემდეგ ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქციული ქმედებები და ამის კულმინაციას მიაღწია 20 ივნისს და ჩვენ ამ მომენტისთვის ჯერ კიდე გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და ჩვენი შემხვედრი ინიციატივა იქნებოდა თანამშრომლობის ის წერტილი, რომელიც პოლიტიკურ ოპოზიციას შორის კონსესუსის შედგენის შესაძლებელს გახდიდა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა გახდებოდა შესაძლებელი, თუმცა ჩვენი შეთავაზების შემდეგ ოპოზიციის მიერ თავისი დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებამ, დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი თანამშრომლობისთვის მზად არაა", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი, მე-5 რაუნდი იანვრის ბოლო რიცხვებში ან თებერვლის დასაწყისში გაიმართება. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 20 დეკემბერს გაიმართა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელია - ისინი ითხოვენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდეს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები