ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირებაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება "უტიფრობის ახალი ხარისხია". მისი თქმით, აღსანიშნავია, როცა "ივანიშვილის ერთერთი მსხვილი კლოუნი" პირდაპირ ეთერში "აღიარებით ჩვენებას აძლევს".
"მთელმა საზოგადოებამ ვიცოდით ისედაც ის უტიფარი საქციელი, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა და მისმა კლოუნებმა, როცა გადააგდეს მთელი ქვეყანა და თან გვითხრეს ყველას, ფეხებზე გვკიდიხართო. პროპორციულის დაპირების შემდეგ ეს სპექტაკლი, კლოუნადა რომ დადგეს, მაინც აღსანიშნავია, როცა ეთერში აღიარებთ ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთერთი მსხვილი კლოუნი.
პირდაპირ თქვა მან - "ჰო, კრიზისი გვქონდა, ამ კრიზისის განსამუხტად, რომ გვიჭირდა, პროპორციულს დავპირდით, რომ მოგვეტყუებინა და მერე განვსაჯეთ, რომ არჩევნებს ვერ ვიგებდით, კოალიციას ჩვენთან ისეთი პარტიები არ კრავდნენ, ვინც ხმებს მიიღებდა და ამიტომ გადაგაგდეთო".
მაინც ახალი ხარისხია უტიფრობის ამის ასე დამარცვლით თქმა, სწორედ ამიტომ აგებინებს ქართული საზოგადოება პასუხს ყველა ამ უტიფარ პოლიტიკოსს, მთავარი უტიფარის, ივანიშვილის ქვეშ მყოფს ასეთი დამოკიდებულებისთვის არა ოპოზიციის და ოპონენტების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ" - აღნიშნა ბოკერიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძის თქმით, 24 ივნისს, რამდენიმედღიანი მასშტაბური პროტესტის ფონზე ქართულმა ოცნებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გასცა. თალაკვაძის აზრით, ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის "დესტრუქციული ქმედებებით" იყო გამოწვეული.
"ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენ კიდევ ბოლომდე ამ მომენტში მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი,"- თქვა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევას პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მასშტაბური აქციების გამო გადაიკეტა.
აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულების პირობა დადო. მმართველი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, 14 ნოემბერს კი "მათივე ინიციატივა" პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩააგდეს, რასაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის განახლება და ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება მოჰყვა.





