სამხრეთ ამერიკა

ნიკოლას მადურო სახელმწიფო ნავთობის კომპანიის პრივატიზაციას გეგმავს

ნიკოლას მადურო
AFP

ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო სახელმწიფო ნავთობის კომპანიის პრივატიზაციის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო ნავთობის კომპანია სხვადასხვა პროექტებში მათ პარტნიორ საერთაშორისო სანავთობო კორპორაციებს კომპანიის მოგებიდან წილს სთავაზობენ. საუბარია სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ პრივატიზაციაზე. 

საქმე ისაა, რომ ვენესუელას ნავთობის კომპანია დიდი ხანია კრიზისშია და სხვადასხვა კორპორაციების მიმართ სერიოზული ფინანსური დავალიანება დაგროვდა. პრივატიზაციის გზით კი დავალიანება სააქციო კაპიტალად გადაფორმდება. ამგვარად კერძო კომპანიები სახელმწიფო კომპანიის თანამფლობელები გახდებიან, ხოლო სახელმწიფო კომპანია ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდება. 

დაინტერესებულ კომპანიებს შორის არიან ესპანური Repsol, იტალიური Eni და რუსული როსნეფტი. მიდმინარე მოლაპარაკებები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. პროცესს კიდევ უფრო ართულებს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, რომლის მიხედვით ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას ვენესუელაში ინვესტირება ეკრძალება. 

სანქციების და წარმოების არაეფექტურობის ფონზე, მძიმე კრიზისში იმყოფება უშუალოდ ნავთობის სახელმწიფო კომპანიაც. დღეს საწარმო ყოველდღიურად 700 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რამდენიმე წლის წინ იგივე მაჩვენებელი 3,5 მილიონ ბარელს შეადგენდა. 

ვენესუელა ნავთობის მარაგების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოა. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური ჰუმანიტურული კრიზისია. ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელა 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. 

კომენტარები