კორონავირუსი

NCDC: არ აყვეთ დეზინფორმაციას, ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპით გარდაიცვალა და არა კორონავირუსით

interfax.ru

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ, აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

23 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში, ხუპეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ჩინეთში გამოვლენილია დაავადების 630 შემთხვევა, ტაილანდში 4, ხოლო აშშ-ში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში - 1. იზოლირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება. 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერჯერობით დაუდგენელია, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა და მთავრობამ ამის დაფარვა სცადა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები