ახლო აღმოსავლეთი

ცნობილია ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერის ვინაობა

გამოცემა Guardian-მა ბრიტანეთის სპესამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერის ვინაობა გაასაჯაროვა. ამირ მოჰამად აბდულ რახმან ალ-მალვი ალ სალბი, გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ის არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემცვლელი. 

Guardian-ის ცნობით, ალ-სალბი ლიდერის პოსტზე ალ-ბაღდადის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაინიშნა. სპეცსამსახურების ცნობით, ალ-სალბი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის სახელს მრავალი ტერაქტი უკავშირდება. ალ-სალბი ერაყში, ქალაქ ტელ აფარში დაიბადა. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ეთნიკურად თურქმენია. 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიდერებს შორის ეთნიკური არაბები ჭარბობენ, სწორედ ალ-სალბი ითვლება ისლამური სახელმწიფოს მთავარ იდეოლოგად. ალ-სალბი მოსულის უნივერსიტეტის შარიათის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. სწორედ ის იყო ერაყელი და სირიელი ქრისტიანების მასიური მკვლელობების ინიციატორი. 

2004 წელს, ერაყში ამერიკული ინტერვენციის წლებში ალ-სალბი როგორც ათასობით სხვა ერაყელი ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. სასჯელს იგი ბუკას ბანაკში იხდიდა, სადაც გაიცნო კიდეც ისლამური სახელმწიფოს მომავალი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

ალ-სალბის ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცნობია. ერთი ვერსიის მიხედვით, იგი სირიაში იდლიბის პროვინციაში იმალება, პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავაც ისლამისტი რადიკალები აკონტროლობენ. მეორე ვერსიით, ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ერაყში ქალაქ მოსულის მახლობლად იმალება, საიდანაც უწევს კოორდინაციას ცენტრალურ ერაყში მომხდარ თავდასხმებს. 

გასულ კვირას სწორედ, მოსულის მახლობლად დააკავეს ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთი ლიდერი, შიფა ალ-ნიმა. ერაყის მთავრობის ცნობით, შიფა ალ-ნიმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები