კონგრესმენების წერილი გახარიას

ხაზარაძე: კონგრესმენის წერილი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება რუსეთის ვექტორზეა ორიენტირებული

მამუკა ხაზარაძე
ლელო

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის, წერილს გამოეხმაურა, რომელიც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას, მიწერა. 

ხაზარაძის თქმით, მალინის შეფასება ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქართული ოცნების ხელმძღვანელობით ჩრდილოეთის ვექტორზეა ორიენტირებული. 

"კონგრესმენის განცხადება ეძღვნება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას, სადაც ძალიან მკაცრად და მკაფიოდაა გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და, კერძოდ, ამერიკელი პარტნიორებისა და სახელმწიფოს მიმართ. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს კონგრესმენების უკვე მეორე განცხადებაა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს შეფასება, პრაქტიკულად, ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოცნების ხელმძღვანელობით ჩრდილოეთის ვექტორზეა ორიენტირებული,"- თქვა ხაზარაძემ ბრიფინგზე. 

ლელოს ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა კონგრესმენის წერილის იმ ნაწილს, სადაც მარკუეინ მალინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ.

"ჩვენ მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მათ სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფო მართვა ჰქვია,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნებაში არ არსებობს კადრი, ვინც დასავლეთისა და აშშ-ის ნდობა იწვევს, აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, ქვეყნის კურსი სახელმწიფოებრივ კურსსაა აცდენილი. 

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის კურსი, რომელიც ვერ ეუბნება უარს თავის პარტნიორებს რუსეთში და კრემლში. შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიმართულებით," - თქვა ლელომ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები