ავღანეთი

ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა კიდევ 2

ავღანეთის სამხრეთით ყანდაარის პროვინციაში გზისპირას დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა კიდევ 2. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თალიბანმა აიღო.

მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს აშშ-მა თალიბანთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, ავღანეთში უკვე 4 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში თალიბანის დაჯგუფება მთიან რეგიონებში ინაცვლებს და თავდასხმებს დროებით წყევეტს, გზებზე მათ მიერ დამონტაჟებული ნაღმები კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.

გასული წლის დეკემბერში ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ტრამპის ვიზიტის შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

კომენტარები