დონალდ ტრამპი

ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორკესტრირებას ახდენს

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას ტვიტერზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მის უკან ირანი დგას და ამისათვის პასუხს აგებენ:

"ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, დაჭრა ბევრი. ჩვენ მკაცრად ვუპასუხეთ და ყოველთვის ასე მოვიქცევით. ახლა ირანი ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორკესტრირებას ახდენს. ისინი ამისათვის პასუხს აგებენ. გარდა ამისა, მოველით, რომ ერაყი ძალას გამოიყენებს და საელჩოს დაიცავს!"

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომიტინგეები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ელჩის ევაკუაცია უკვე მოხერხდა, თუმცა შენობაში კვლავ რჩება საელჩოს თანამშრომლების ნაწილი.

აქცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა. აშშ-მა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა კვირას დაბომბა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი.

დაბომბვა კირკუკში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში რაკეტის გაშვებაში სწორედ ქათა'იბ ჰეზბოლას ადანაშაულებს.

დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიმუქრა, რომ დაბომბვას ერაყში ამერიკული ძალების მიმართ მკაცრი პასუხი მოჰყვება.

ერაყის პრემიერმინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ თქვა, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმამ ქვეყნის სუვერენიტეტი დაარღვია და ერაყი იძულებულია აშშ-სთან ურთიერთობები გადასინჯოს. მაჰდიმ პოსტი ერაყში უკანასკნელ თვეებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დატოვა, თუმცა მისი შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა.

კომენტარები