ლიბია

ერდოღანი ლიბიაში სამხედროების გაგზავნას იანვარში გეგმავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით ლიბიაში ტრიპოლის მთავრობის მოთხოვნით ჯარებს მომავალ თვეს გაგზავნის. 

"რადგანაც ახლა ლიბიიდან გვაქვს მოწვევა, მას მივიღებთ. ლიბიაში ჯარების გაგზავნის ხარჯების კანონპროექტს პარლამენტს გახსნისთანავე წარვუდგენთ." თქვა ერდოღანმა. მისივე ინფორმაციით ეს 8-9 იანვარს მოხდება.

უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს ერდოღანი მიწვევაზე საუბრისას, ვინაიდან ტრიპოლის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტუნისში ერდოღანის ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ოფიციალური მოთხოვნა თურქეთისათვის ჯერ არ გაუგზავნიათ.

"თუ მოხდება სიტუაციის ესკალაცია, უფლება გვაქვს ტრიპოლი და მისი მაცხოვრებლები დავიცვათ. ჩვენ ოფიციალურ თხოვნას გავუგზავნით თურქეთს გაგვიწიოს სამხედრო დახმარება რათა გავაძევოთ დაქირავებული მებრძოლები." თქვა მან.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის 2 ათასამდე რუსი მებრძოლი იმყოფება.

მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამჟამად, ერთამანეთს ნაციონალური არმია და ნაციონალური ერთობის მთავრობა უპირისპირდება. ფელდმარშალ ხალიფა ხაფტარის მეთაურობით, არმია ქვეყნის დედაქალაქის გარდა თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ერთობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით კონტროლს ინარჩუნებს დედაქალაქ ტრიპოლიზე. 

სამოქალაქო კონფლიქტში თურქეთი ზურგს ფაიზ სარაჯს უმაგრებს. ნოემბერში ანკარასა და ტრიპოლის შორის სამხედრო თანამშრომლობის აქტი გაფორმდა. მაშინ ერდოღანი ამბობდა, რომ თურქეთი მზადაა, სარაჯის დასახმარებლად ლიბიაში ჯარი გაგზავნოს. 

რაც შეეხება ხალიფა ხაფტარს, გავრცელებული ინფორმაციით, ხალიფას ახლო კავშირი აქვს მოსკოვთან. 2018 წლის ნოემბერში შედგა ხაფტარისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეხვედრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინფორმაციით, რუსეთი მხარს უჭერს ლიბიაში არსებული კონფლიქტის ყველა მხარეს, რათა ვითარება მშვიდობიანად განიმუხტოს.

კომენტარები