ევროპული საქართველო

კიკნაველიძე: დასავლეთის რიგითი პარტნიორი არ ვართ, ჩვენს მიღწევებს ოლიგარქს არ ჩაარეცხინებენ

პიკეტები არის იმიტომ, რომ ასეთია კრიზისი. ეს აირჩია ხელისუფლებამ, ეს აირჩია ივანიშვილმა. მან გადაწყვიტა, რომ რადგან პროპორციულ სისტემაში არჩევნებს აგებდა, დაუყოვნებლივ შეეყვანა ქვეყნა კრიზისში. ეს არის უპასუხიმგებლობა. ხელისუფლებაა ქვეყანაში შექმნილ ატმოსფეროზე პასუხისმგებელი.

ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების უმწვავესი რეაქცია. არ ვიცი, როგორ ახერხებს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადების უცნაური თარგმანით ხელისუფლება თავის დამშვიდებას, მაგრამ დაიმშვიდოს. კარგად ვხვდებით, რა ზუსტად გაიგეს შიგნით ის გზავნილი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტისგან იყო. ჩვენ ასევე მოვისმინეთ აშშ-ის კონგრესის ძალიან მაღალი წარმომადგენლობისგან უმკაცრესი და უმწვავესი შეფასება იმისა, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფრის წინაშე დათმობა მოუწევს და გეტყვით, რატომ. იმის გამო კი არა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ანაღვლებს, არამედ იმის გამო, რომ მას პერსონალურად არ უნდა რომ დასავლეთთან შეექმნას პრობლემები. მისი ფული დასავლეთშია. როგორც ყველა რუსი ოლიგარქი, ფულს იქ ინახავს. რუს ოლიგარქებს არ უყვართ რუსეთში შენახვა ფულის, დასავლეთში უყვართ იმ ფულის წაღება და შვილების გაგზავნაც. ასეა ივანიშვილიც. მისთვის გადამწყვეტი იქნება ის, რომ მას პერსონალურად საფრთხე არ შეექმნას. თუ ამ ქვეყნის უფსკრულისკენ გაქანებას შეეცდება, აუცილებლად შეექმნება ეგ საფრთხე.

ეს ქვეყანა არაა რიგითი ქვეყანა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ამ ქვეყანაში ჩვენს უცხოელ მეგობრებს დიდი რესურსი აქვთ დახარჯული. არავინ აპირებს, რომ ქართული საზოგადოების დიდი გამარჯვებები, რომელსაც წვალებითა და შრომით მიაღწია წლების განმავლობაში, ასე მარტივად ერთი ოლიგარქის ჩასარეცხი იყოს. ეს ასე არ მოხდება და თავად ივანიშვილს უნდა ესმოდეს ყველაზე კარგად.

ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ ამაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები