15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

მამა ილია ჭიღლაძე: ამ ენით უთქმელი ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი სახელმწიფოს სიმახინჯეა

15 წლის მოზარდის გარდაცვალებას საკუთარ facebook გვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა

"15 წლის ლუკას ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. პირადად მე, სიტყვა და აზრი გამიქვავა, რა მეთქვა არ ვიცოდი, სიტყვამ აზრი დაკარგა."- წერს სასულიერო პირი.

დეკანოზი ილია ამბობს, რომ ამ ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი ჩვენი სახელმწიფოსა და გარემოს სიმახინჯეა, მათ შორის კი სამართალდამცავ ორგანოთა დანაშაულებრივი და უსულგულო ქმედება. სტატუსში წერია, რომ იმ არასრულწლოვანთა რიცხვი, რომლებზეც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა, უკვე ძალიან დიდია. 

"დაე, ლუკას თვითმკვლელობა იყოს ამ მახინჯი , მკვლელი სისტემის დასასრულის დასაწყისი და ის იყოს ბოლო მსხვერპლი. მე მჯერა, ლუკა ცხონდება ქრისტეს მიერ. სიმბოლურია, რომ ბავშვთა და მოზარდთა მფარველის წმ. ბარბარეს ხსენების დღეს დატოვა ეს უსამართლო წუთისოფელი და ქვეყანა ლუკამ. ღმერთო, შეიწყალე და გადაარჩინე ადამიანების მიერ ჯოჯოხეთად ქცეული საქართველო..." - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

კომენტარები