15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

შს მინისტრის მოადგილე მოზარდის დედის გარეშე გამოკითხვაზე: გავაჟღერეთ, რაც იმ ეტაპზე ვიცოდით

reginfo

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად 15 წლის მოზარდის მშობლის გარეშე გამოკითხვის შესახებ ბრიფინგზე ის ინფორმაცია გავრცელდა, რაც გამოძიების იმ ეტაპზე ჰქონდა. თავდაპირველად შსს ამტკიცებდა, რომ მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. 

"ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია გავaჟღერეთ იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპეტქორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად. ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, რაიმე მტკიცებით ფორმაში ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდება, რაც სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში",-თქვა ცაციაშვილმა.

ცაციაშვილი ამბობს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის და მათი მიზანი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაა. 

"მნიშვნელოვანია, რომ ინტერპრეტირება არასწორი არასწორი არ მოხდეს საზოგადოებაში და მტკიცებით ფორმაში იმ საკითხების გაჟღერება, რაც რეალურად, ბრიფინგში არ ყოფილა",-თქვა ცაციაშვილმა. 

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს თავიდან ამტკიცებდა, რომ მოზარდი დედის გარეშე არ გამოუკითხავთ, თუმცა შემდეგ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". 

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

კომენტარები