15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

თალაკვაძე მოზარდის თვითმკვლელობაზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას უპასუხებს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული გამოძიება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაჩენილ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

"სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს უწყება და მივესალმები, რომ მყისიერი რეაგირება იყო ინსპექტორის მხრიდან და დროულად დაიწყო გამოძიება",-თქვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სუიციდი და დეპრესია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების გამოწევაცაა. 

"სუიციდი არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა, მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებსაც, სამწუხაროდ, აქვთ იგივე გამოწვევა. დეპრესია და სუიციდი დღევანდელ მსოფლიოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში",-თქვა თალაკვაძემ. 

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

კომენტარები