15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

თალაკვაძე აქტივისტებს: ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით

"ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ",-პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე ისაყბრა და პარლამენტის ბიუროს სხდომიდან სამოქალაქო აქტივისტებს მიმართა.

"განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საინფორმაციო პროგრამაზე, რომელიც ვითარდება ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებაზე",-თქვა მან.

თალაკვაძის თქმით, ეს სახიფათო გზავნილია და მსგავსი კამპანიის დაგეგმვამდე დაფიქრებაა საჭირო. 

"მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, თუ როგორია უკეთესი სამყარო და როგორი უკეთესი სკოლაა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, პოზიტიურ გარემოში და ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში",-თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

კომენტარები