დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდ ბრიტანეთში არჩევნები მიმდინარეობს. ეს ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამე საყოველთაო არჩევნებია. მანამდე არჩევნები ჩატარდა 2015 და 2017 წლებში.

საარჩევნო უბნები საქართველოს დროით შუაღამის 2 საათზე დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება. შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

არჩევნებზე ბრიტანეთის მოსახლეობამ 650 პარლამენტარი უნდა აირჩიოს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმება, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენს. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება. ჯონსონის კამპანიის სლოგანი იყო "შეასრულე ბრექსითი". მისი მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი კი მიიჩნევს, რომ ბრექსითის გეგმა რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გაუქმებაც კი მოჰყვეს.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

არჩევნებში მონაწილეობს ნაიჯელ ფარაჟის ბრექსითის პარტიაც, თუმცა მათ 317 ოლქში, სადაც 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს კანდიდატები არ დააყენეს.

პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ ეს ქვეყანაში ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების რისკებს გაზრდიდა. ამის თავიდან ასაცილებლად ფარაჟი სხვა პარტიების კანდიდატებისათვის პარლამენტში ადგილების წართმევას შეეცდება, განსაკუთრებით კი ლეიბორისტული პარტიისათვის.

წინასაარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს სხვა პარტიებმაც. დიდი ბრიტანეთის ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და უელსის პარტიამ 12 დეკემბრის არჩევნებისათვის შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით ისინი ზოგიერთ ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებენ და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭრენ მხარს. უელსში შეთანხმება 40-დან 11 ადგილს ეხება, ჯამში კი 60-70 ადგილზე გავრცელდება.

სამივე პარტია ეწინააღმდეგება ევროკავშირიდან გასვლას და მხარს უჭერს ბრექსითის ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები