სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა, გავრცელდა სხვა ინტერპრეტაციით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ ჯარისა და იარაღის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი, სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. 

"პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით",-წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის სიტყვები არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. 

"ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას",-ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. 

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები