სასჯელაღსრულების დაწესებულებები

კილაძე: ე.წ ქურდები არც ისე შორეულ წარსულში გვყავდა, პრობლემის გადალახვას სჭირდება დრო

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ არც ისე შორეულ წარსულში საქართველოში იყვნენ ე.წ ქურდული მენტალიტეტის ადამიანები და ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება.

კილაძე ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საპატიმროებში ე.წ მაყურებლების პრობლემა სისტემურია და რომ ციხეებში არიან გავლენიანი პატიმრები, რომლებიც სხვებს ყველაფერს

კილაძეს სწორად არ მიაჩნია ნინო ლომჯარიას მხრიდან ამ საკითხზე "ზოგადად ლაპარაკი".

"ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული. არავისთვის უცხო არ არის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების მიმართულება. თუ არის ე.წ არაფორმალური ჯგუფების გავლენების ცალკეული შემთხვევები, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ჩვენ ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება და ასე ზოგადად საუბარი მე არ მიმაჩნია სწორად, როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ.

კონკრეტულ შემთხვევებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რომ არც ისე შორეულ წარსულში გვყავდა ე.წ ქურდული მენტალიტეტის ადამიანები და ამ პრობლემის გადალახვას სჭირდება შესაბამისი დრო. ამიტომ ვამბობ, რომ თუ გვაქვს ასეთი შემთხვევები, უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ასე ზოგადი ლაპარაკით შორს ვერ წავალთ", - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სახალხო დამცველმა თქვა, რომ ის,რაც ციხეებში ხდება, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას.

ომბუდსმენის თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

"ღია ტიპის დაწესებულებებში ამას სისტემური ხასიათი აქვს. ღია ტიპის დაწესებულება არის ადგილი, სადაც ბევრი პატიმარი ერთად იყრის თავს. ე.წ მაყურებლების გაძლიერება ძირითადად ღია ტიპის დაწესებულებებში შეიმჩნევა, თუმცა, დახურულ დაწესებულებაზეც გვქონია ინფორმაცია, რომ არსებობენ მსგავსი ადამიანები - დახურულ დაწესებულებაში პატიმრები ძირითადად საკნებში სხედან, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი პატიმარი მოძრაობს", - თქვა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ამ პრობლემისგან გამოსავალი ციხის სტრუქტურის შეცვლა და მცირე ზომის დაწესებულებების აშენებაა.

"ღია ტიპის დაწესებულებაში, სადაც ძალიან ბევრი პატიმარია და რამდენიმე ასეულ პატიმარზე ერთი ბადრაგი მოდის, ამიტომ იქ კონტროლი ძალიან რთულია. გამოსავალი არის სასჯელაღშრულების მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა, ბადრაგების, ციხის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა.

არსებულ სისტემაში, ამ ინფრასტრუქტურაში არის ნიადაგი, რომ არაფორმალური მმართველობა შეიქმნას", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი ვერ აზუსტებს, ზუსტად რამდენი ხანია, რაც ციხეებში "მაყურებლები" გამოჩდნენ, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული კვლევა, მონიტორინგი, სპეციალიზებული შესწავლა სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ჩაატარა.

ციხეებში არაფორმალური გავლენების მქონე ადამიანების შესახებ ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშშიც არის საუბარი.

კომენტარები