სასჯელაღსრულების დაწესებულებები

ლომჯარია: "მაყურებლების" გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ

ტაბულა

სახალხო დამცველი ციხეებში კრიმინალური სამყაროს წევრების, ე.წ მაყურებლების შესახებ საუბრობს, რომლებიც სხვა პატიმრებს აკონტროლებენ.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას.

ომბუდსმენის თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

"ღია ტიპის დაწესებულებებში ამას სისტემური ხასიათი აქვს. ღია ტიპის დაწესებულება არის ადგილი, სადაც ბევრი პატიმარი ერთად იყრის თავს. ე.წ მაყურებლების გაძლიერება ძირითადად ღია ტიპის დაწესებულებებში შეიმჩნევა, თუმცა, დახურულ დაწესებულებაზეც გვქონია ინფორმაცია, რომ არსებობენ მსგავსი ადამიანები - დახურულ დაწესებულებაში პატიმრები ძირითადად საკნებში სხედან, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი პატიმარი მოძრაობს", - თქვა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობას სისტემური ხასიათი აქვს და იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი მმართველობა შეინიშნება, სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მკვეთრად დაბალია.

"როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, იქ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ, ასევე, ყოფილ პატიმრებთან გასაუბრებამ დაგვანახა, რომ იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები. მე ვერ დავარქმევ მათ კონკრეტულ სახელებს, მაგრამ ეს არის პრობლემა. დაუსჯელობის სინდრომი იმატებს, იქ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი არის არა უკვე კონკრეტული სამართალდამცავი, არამედ ერთ0ერთი პატიმარი, რომელიც ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას. შესაბამისად, ძალადობის და დაუსჯელობის შემთხვევები იზრდება. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც ძირითადად ასეთი მმართველობა შეინიშნება, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა მკვეთრად დაბალია, განსხვავებით იმ დაწესებულებებისგან, სადაც ასეთი ტიპის გავლენები ნაკლებად არსებობს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, ამ პრობლემისგან გამოსავალი ციხის სტრუქტურის შეცვლა და მცირე ზომის დაწესებულებების აშენებაა.

"ღია ტიპის დაწესებულებაში ძალიან ბევრი პატიმარია და რამდენიმე ასეულ პატიმარზე ერთი ბადრაგი მოდის, ამიტომ იქ კონტროლი ძალიან რთულია. გამოსავალი არის სასჯელაღშრულების მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა, ბადრაგების, ციხის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა.

არსებულ სისტემაში, ამ ინფრასტრუქტურაში არის ნიადაგი, რომ არაფორმალური მმართველობა შეიქმნას", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი ვერ აზუსტებს, ზუსტად რამდენი ხანია, რაც ციხეებში "მაყურებლები" გამოჩდნენ, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული კვლევა, მონიტორინგი, სპეციალიზებული შესწავლა სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ჩაატარა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიშის მომზადებაც იგეგმება, სადაც უფრო მეტი დეტალი იქნება.

კომენტარები