ლიტვის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 6 დეკემბერს მიიღო დადგენილება, სადაც საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.
კომიტეტის დადგენილება - "თბილისის მოვლენების შესახებ" სრულდება დიალგისკენ მოწოდებით.
"ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი:
ადასტურებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია;
პატივს ცემს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, აშენონ სახელმწიფოს მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ ერთობაში;
აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს პარლამენტი უნდა ეცადოს სრული კონსესუსის მიღწევას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკვანძო გადაწყვეტილებებზე;
მიესალმება 2019 წლის 30 ნოემბერს მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას;
იმედოვნებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად გარანტირებულია და გადამეტებული ძალა არ გამოიყენება;
იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი დიალოგი გაგრძელდება და შეიქმნება ყველანაირი პირობა საკითხის იმგვარი გადაჭრისთვის, რომელიც შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და პლურალიზმს ქვეყანაში;
მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებას, გააგრძელონ მშვიდობიანი დიალოგი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.





