პროპორციული არჩევნები

ოდირი: ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღება უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი

ghn.ge

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ "საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას", შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, "პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია."

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".

გარდა ამისა, ოდირი იძლევა ექვს ტექნიკურ რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარდგენილი შეთავაზების გაუმჯობესება. რეკომენდაციებში საუბარია ბიულეტენში არჩევანის მონიშვნის წესზე, ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადაზე, ქვე-ოლქების განსაზღვრაზე, მრავალმანდატიან ოლქებს შორის მანდატების თანაბრად განაწილებაზე და ა.შ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ოპოზიციის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, მის მიღებას კონსტიტუციის ცვლილება და საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდებოდა, ისევე, როგორც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო/ოდირს გადაუგზავნა ანალიზის ჩასატარებლად.

ვრცლად ე.წ გერმანული მოდელის შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ, ხოლო მისი შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის, მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, აქ.

კომენტარები