ბერის დაკავება

"მამაოს თქმით, ჩანთა ნარკოტიკებით თავად გადასცა მეორე დაკავებულს" - ბერს გირაო შეეფარდა

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ქავთარაძე ამბობს, რომ ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება, მეორე პირს გადასცა და შემდეგ აპირებდა გამორთმევას.

​"​სასამართლომ, გაიზიარა რა ის გარემოებებიც, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელიც აღიარებს, რომ მას ეკუთვნის ნარკოტიკული საშუალება და არა მალანიას, არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და შეუფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. როგორც მამაო ამბობს, ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება, გადასცა მალანიას, რომელიც თბილისში მიემგზავრებოდა. მას უნდა გადაეტანა ეს ჩანთა და შემდეგ მე ჩამოვალ და გამოგართმევ, ვუთხარიო", - ამბობს ჯიტა გულუა მთავარ არხთან.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა არ აზუსტებენ, არის თუ არა მათ შორის ბერი. უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

დაკავებული ბერი, ასევე რომან მალანია დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ მსახურობდა. თუმცა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი ამბობს, რომ გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე ბერად თავად აღკვეცა. ტაბულას ინფორმაციით, ის მონაზვნურ ცხოვრებას ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში აგრძელებდა.

კომენტარები