ბერის დაკავება

მეუფე გერასიმე ამბობს, რომ დაკავებული გიგა ქავთარაძე ბერად მან აღკვეცა, საპატრიარქო უარყოფს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს, რომ დაკავებული გიგა ქავთარაძე ბერად პირადად მან აღკვეცა.

ამის შესახებ მეუფე გერასიმემ ტელეკომპანია მთავარს უთხრა.

ის ამბობს, რომ გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ, როცა მონასტერმა ჩათვალა, რომ ამისთვის მზად იყო, თვითონ ჩავიდა ათონის მთაზე და მონასტრის წარდგინებით ქავთარაძე ბერად აკურთხა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კი ტაბულასთან ამტკიცებს, რომ მეუფე გერასიმე გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე ბერად ვერ აღკვეცავდა.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა არ აზუსტებენ, არის თუ არა მათ შორის ბერი. უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ბერი დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები