NATO

ტრამპი: მაკრონის განცხადება, რომ NATO ტვინმკვდარია, ძალიან ბინძური და უპატივცემულოა

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "ტვინმკვდარია", გამოეხმაურა და ამ სიტყვებს ძალიან ბინძური და უპატივცემულო უწოდა - "განსაკუთრებით 28 წევრი სახელმწიფოს წინაშე".

მან ეს ლონდონში NATO-ს 70-ე საიტის მიმდინარეობისას NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ NATO დიდ მიზანს ემსახურებოდა და საფრანგეთზე მეტად არავის სჭირდებოდა NATO, აშშ კი ალიანსისგან ყველაზე ნაკლებ ბენეფიტს იღებდა - "ჩვენ ევროპას ვეხმარებით".

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მსგავსი განცხადება ძალიან საშიში იყო.

მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთების დროს მან საფრანგეთის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

"ვფიქრობ, საფრანგეთში მათ ძალიან მაღალი უმუშევრობის დონე აქვთ. საფრანგეთი ეკონომიკურად საერთოდ არ მიდის კარგად... როდესაც საფრანგეთში ასეთ სირთულეებს აწყდები, როდესაც უყურებ რა ხდება. მათ ძალიან მძიმე წელი ჰქონდათ. NATO-ზე განცხადებებს ასე უბრალოდ ვერ გააკეთებ. ეს ძალიან უპატივცემულოა".

ტრამპმა სტოლტენბერგსაც ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მაკრონის კომენტარზე, რაზეც მას პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა თქვა, რომ ალიანსი აქტიური და ცვლილებებთან ადაპტირებული იყო. 

რამდენიმე დღის წინ მაკრონის სიტყვებს ერდოღანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სწორედ ის იყო ტვინმკვდარი.

ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

NATO-ს ტვინის სიკვდილზე მაკრონის სიტყვებს არაერთი დასავლელი ლიდერი არ დაეთანხმა. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, NATO-ს შენარჩუნება გერმანიის ერთერთი უმთავრესი ინტერესი იყო.

მაკრონის სიტყვებს პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოეხმაურა. მან NATO-ს წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ NATO-ს ხელშეკრულებაში კოლექტიური თავდაცვის გარანტიის ეჭვქვეშ დაყენება ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის მომავლის საფრთხე იყო.

მაკრონის განცხადებას არ დაეთანხმა სტოლტენბერგიც, რომელსაც ტრანსატლანტიკური კავშირების დასუსტების მცდელობა ევროპისთვის საფრთხედ მიაჩნია.

მათ საპირისპიროდ, მაკრონის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

კრიტიკის შემდეგ, მაკრონმა თავისი განცხადება დაიცვა და თქვა, რომ ეს განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის სასარგებლო და გამომაფხიზლებელი იყო. ცოტა ხნის წინ მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ალიანსის მტრები არ არიან და NATO-ს წევრს ქვეყნებს მათი ფოკუსი ამ ორი სახელმწიფოდან უნდა შეეცვალათ და მისი თქმით, NATO-ს საერთო მტერზე ტერორიზმზე უნდა გაემხავილებინათ ყურადღება.

კომენტარები