პროპორციული არჩევნები

მდინარაძე: დიპლომატიური კორპუსი ხედავს, როგორ დესტრუქციულ მოქმედებებზე მიდის ნაცმოძრაობა

უმრავლესობის ლიდერის და პარლამენტის ვიცესპიკერის მამუკა მდინარაძის აზრით, "დიპლომატიური კორპუსი კარგად ხედავს თუ როგორ დესტრუქციულ მოქმედებებზე მიდის ნაცმოძრაობა და ამ შემთხვევაში, მასთან საერთო გეგმაში მყოფი სხვა ოპოზიციური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი". მისი თქმით, ელჩები ცდილობენ, "მოგვცენ რჩევები, რომ ამ ქუჩის დესტრუქციამ გადაინაცვლოს კაბინეტებში და ჰქონდეს კონსტრუქციული ხასიათი". მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

"ბუნებრივია, რომ ვითვალისწინებთ, კი ბატონო, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის გერმანულ მოდელზე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.

თუ დამატებით რამე არგუმენტებს მოიტანენ, ამასაც სიამოვნებით მოვუსმენთ, ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია რეალური, იურიდიულად გამართული, რაციონალური არგუმენტი, რომ კონსტიტუციას გერმანული, მერე როგორც შეცვალეს, გერმანულის მსგავსი მოდელი შეესაბამება, თუ ხვალ მოვისმენთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ და გავაანალიზებთ, თუმცა, ჯერჯერობით ამის ნიშანწყალიც არ ჩანს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, კონსტრუქციული დიალოგისთვის და ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის გავითვალისწინოთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რჩევები და რეკომენდაციები" - ამბობს მდინარაძე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს. მასზე ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე ისაუბრებენ. შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩის თქმით, მოლაპარაკებაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც მივლენ.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, შეშფოთება არაერთმა საელჩომ გამოთქვა. ევროკავშირის ელჩის თქმით, "პროპორციულის ჩაგდება დააზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის". მისი აზრით, "რეალურად, ეს იყო პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი". აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი".

ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უცხო ქვეყნების ელჩებს "არაერთჯერ" შეხვდა, თუმცა, "კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ".

კომენტარები