პარლამენტის პიკეტირება

მდინარაძე: სახელმწიფო პარლამენტის შენობის ბლოკირებას არ დაუშვებს

უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო პარლამენტის შენობის ბლოკირებას არ დაუშვებს. მისი თქმით, მისაღებია სხვა ნებისმიერი პროტესტი, რომელიც პარლამენტის მუშაობის შეფერხებას არ ითვალისწინებს. 

ჟურნალისტებმა მდინარაძეს რამდენჯერმე ჰკითხეს, გამოყენებული იქნება თუ არა სპეცრაზმი აქციის დასაშლელად, რაზეც დეპუტატმა პასუხს თავი აარიდა. 

"როგორც ტარდებოდა ყველა სხვა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი პლენარული სხდომაც. სახელმწიფო არ დაუშვებ რომ მოხდეს შენობის ბლოკირება და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში შეეშალოს ხელი"- აღნიშნა მდინარაძემ

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ. 

14 ნოემბერს, ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს.

კომენტარები