პარლამენტის პიკეტირება

4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება [VIDEO]

ტაბულა

4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ მიმართა.

მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩასატარებლად მერიის ნებართვა საჭირო არ არის, თუმცა, პროტესტის ორგანიზატორების კეთილი ნებაა, უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

"4 თებერვალს გრძელდება ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, როცა მან გადააგდო ქართველი ხალხი და არ შეასრულა დაპირება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 4 თებერვალს ყველა ის პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, დავუბრუნდებით ამ პროცესს. ახალ ეტაპზე გადავა ეს პროცესი და კვლავ სირცხვილის დერეფნების და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ იმ სამარცხვინო წარმოამდგენლებს, რომლებსაც გონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ეს ასე არ იქნება. მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ეს, საერთაშორისო მეგობრების ზეწოლასთან ერთად იქნება ის ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და დაპირებების შესრულება.

ჩვენ ვახდენთ მერიის ინფორმირებას 4 თებერვლის პიკეტირების შესახებ. ამის ვალდებულება არ გვაქვს, ჩვენი კეთილი ნებაა, შევატყობინოთ, რომ პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები იგეგმება პარლამენტის შენობის გარშემო, რათა დისკომფორტი შევუქმნათ საქართველოს პარლამენტის იმ სამარცხვინო დეპუტატებს, რომლებსაც არ ერიდებათ ამ სიტუაციაში ჩვეულებრივად გაგრძელება" - თქვა ირაკლი კიკნაველიძემ.

14 ნოემბრის შემდეგ, როცა ქარულმა ოცნებამ დაპირება არ შეასულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, პარლამენტის პიკეტირება რამდენჯერმე მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი აპირებენ, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან, რათა მათ თავიანთი პასუხისმგებლობა იგრძნონ.

ოპოზიციამ და აქტივისტებმა კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების შემდეგ ხელისუფლებას ალტერნატივა, ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზეს, რომელიც ასევე შერეული სისტემაა, თუმცა, მანდატების სამართლიანად გადანაწილების წესს ითვალისწინებს. მმართველი გუნდი გერმანულ მოდელზე უარს მისი არაკონსტიტუციურობის მოტივით ამბობს და ოპოზიციას სთავაზობს, 2020-ის არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდეს, რომლითაც პროპორციული სიით 100 დეპუტატი შეირჩევა, მაჟორიტარული გზით კი - 50. მოქმედი სისტემა პროპორციული სიით 77 და მაჟორიტარული წესით 73 დეპუტატის მანდატს ითვალისწინებს. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელია.

კომენტარები