არჩევნები 2020

ხუნდაძე გერმანულ მოდელზე: არავითარი მოდელი არ იქნება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ "არავითარი მოდელი" არ იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდება.

ოპოზიციას კი ურჩევნია, შერეული სისტემით არჩევნებისთვის მოემზადოს.

"2020 წლის არჩევნების სისტემას არ ვეხებით. ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. უმჯობესია, არჩევნებისთვის მოემზადონ, მაგრამ, თუ კანონს დაარღვევენ, კანონი გასცემს პასუხს. არავითარი მოდელი არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას ხუნდაძე პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

"გუშინდელი ჩვენი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცანით უმრავლესობას. უმრავლესობაშიც შედგა ის შეთანხმება, რაც იყო გუშინ. ის, რომ ჩვენ, მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორიც არის დღეს. პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ და 200 000 ხმის მოგროვებას.

ჩვენ გვაქვს მეტი დრო, შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს საინიციატივო ჯგუფთან ერთად და დავიწყებთ ხალხში გასვლას.

რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, ის ჩატარდება 2020 წლის არჩევნებთან ერთად, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი, ან 2021 წელს. შესაბამისად, როგორიც იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას", - თქვა მან.

დღეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყდება, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.

2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხებოდა.

ამით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის 24 ივნისის დანაპირები, რომელიც მან 20-21 ივნისის მშვიდობიანი, ანტირუსული აქციის დაშლი, ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ გასცა და რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან განახლდა. 17 ნოემბრის ღამეს აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს. მომდევნო დღეს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

25 ნოემბრის საღამოს პარლამენტის პიკეტირება კვლავ იგეგმება. 

რას გულისხმობს გერმანული მოდელი, წაიკითხეთ აქ

კომენტარები