აშშ-ისრაელი

მაიკ პომპეოს თქმით დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებები აუცილებლად არალეგალური არაა

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ისრაელის დასახლებები აუცილებლად არალეგალური არაა, რაც აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკისაგან გადახვევას წარმოადგენს.

"მშვიდობიანი დასახლებების დაარსებისთვის საერთაშორისო კანონთან შეუსაბამოს წოდება მშვიდობას არ წაადგება. მწარე სიმართლე ისაა, რომ კონფლიქტის მიუკერძოებელი გადაწყვეტა არასოდს მოხდება და კამათი იმის თაობაზე ვინაა მართალი და ვინ მტყუანი საერთაშორისო კანონების მიხედვით მშვიდობას არ მოგვიტანს." თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ დასახლებების ლეგალურობა ისრაელის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რაც, მისი თქმით ისრაელს და პალესტინას პოლიტიკური გადაჭრის გზის პოვნის საშუალებას მისცემს.

მის განცხადებას მიესალმა ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ აშშ-მა ისტორიული შეცდომა გამოასწორა და ადგილზე არსებული რეალობა მიიღო.

პალესტინელმა პოლიტიკოსებმა პომპეოს განცხადება დაგმეს და თქვეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო კანონებს არღვევს. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

პომპეოს განცხადების შემდეგ იერუსალიმში აშშ-ის საელჩომ იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მოგზაურობაზე გაფრთხილება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა უცვლელი რჩება: "დასახლების ყველა მცდელობა საერთაშორისო კანონებით არალეგალურია და ორი ქვეყნის გამოსავალს და მშვიდობის პერსპექტივას საფუძველს აცლის."

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით დასავლეთ სანაპიროზე დასახლებები საერთაშორისო კანონებს არღვევს. სორედ ეს იყო აშშ-ის პოზიციაც 1978 წლიდან.

პომპეომ აღნიშნა, რომ დასახლებების მისამართით ტერმინი "არალეგალურის" გამოყენება რონალდ რეიგანმაც შეწყვიტა, თუმცა რეიგანს მიაჩნდა, რომ დასახლებები მშვიდობას დაბრკოლებას უქმნიდან და უნდა შეჩერებულიყო.

ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ აშშ-მა ისრაელთან მიმართებით პოლიტიკა უკვე არაერთხელ შეცვალა, მათ შორის იერუსალიმი ცნო ისრაელის დედაქალაქად და იქ საელჩო გადაიტანა და ასევე, გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი ცნო.

კომენტარები